Terms
ბოლო განახლება: 20 იანვარი, 2026
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს შპს „ჯისიაი გოლდ"-ის (შემდგომში — კომპანია / GoldMarket.ge) ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, სადაც გამყიდველს (მოვაჭრეს) აქვს შესაძლებლობა განათავსოს გასაყიდად ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები, ხოლო მყიდველს (მომხმარებელს) შეუძლია თვალი ადევნოს პლათფორმაზე განთავსებულ პროდუქციას, დაუკავშირდეს გამყიდველს და შეიძინოს სასურველი ნივთები.
ჩვენს შესახებ
ჩვენი პლათფორმა აკავშირებს ძვირფასეულობის მყიდველს და გამყიდველს მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ სხვადასხვა პროდუქციის შეთავაზების, რეალიზაციისა და შეძენის საშუალებას აძლევს.
კომპანია მოქმედებს როგორც შუალედური მომსახურების მიმწოდებელი, „ელექტრონული კომერციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ტერმინთა განმარტება
- კომპანია
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ჯისიაი გოლდ", საიდენტიფიკაციო კოდი: 400452372, რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის მასივი, VII მიკრო/რაიონი, კორპუსი 23, ბინა 123.
- მომხმარებელი
- ნებისმიერი 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც პლატფორმის სერვისის გამოყენებით სთავაზობენ ან რომელიც პლატფორმის საშუალებით იძენს პროდუქტს.
- გამყიდველი/მოვაჭრე
- ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით, ახორციელებს პლატფორმაზე განცხადების გამოქვეყნების გზით მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული პროდუქციის შეთავაზებას, რეალიზაციას და მიწოდებას მომხმარებლისთვის.
- მესამე პირი
- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილება მიენიჭა კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ.
- პროდუქტი
- „გამყიდველის/მოვაჭრის" საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება/ნაწილი, რომელიც პლატფორმაზე განთავსებულია მომხმარებლებზე რეალიზაციისა და მიწოდების მიზნით.
- სარეწი
- ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
- დაკავშირებული ხელშეკრულება
- ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელი იძენს საქონელს ან მომსახურებას და რომელიც დაკავშირებულია დისტანციურ ხელშეკრულებასთან ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებასთან, ამასთანავე, ეს საქონელი ან მომსახურება მიწოდებულია მოვაჭრის ან მესამე პირის მიერ მოვაჭრესა და მესამე პირს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.
- დისტანციური ხელშეკრულება
- ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას.
- სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება
- ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას.
- საქონელი
- ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე.
- რეგისტრაცია
- პირადი ანგარიშის შექმნა.
- პროფილი (პირადი ანგარიში)
- მომხმარებლის/მოვაჭრის მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში.
- პლატფორმა
- კომპანიის მიერ მართული და კონტროლირებადი პლატფორმა, რომელიც მათ შორის მოიცავს კომპანიის ვებგვერდს, აგრეთვე კომპანიის მიერ მოვაჭრისთვის/მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას.
- ავტორიზაცია
- მომხმარებლის მიერ საკუთარ რეგისტრირებულ პროფილზე წვდომის მოპოვების პროცესი უნიკალური იდენტიფიკატორების (მაგ: ელ-ფოსტა/პაროლი) გამოყენებით, რაც მას საშუალებას აძლევს ისარგებლოს პლატფორმის ფუნქციონალით.
- ვერიფიკაცია
- გამყიდველის/მომხმარებლის მიერ საკუთარი ვინაობის ნებაყოფლობითი დადასტურების პროცესი, რომელიც ხორციელდება კომპანიის მიერ დადგენილი მეთოდებით. იდენტიფიცირებულ მომხმარებელს ენიჭება სპეციალური სტატუსი „სანდო გამყიდველი", რაც ხილულია ყველა მომხმარებლისთვის.
- ელექტრონული ხელმოწერა
- პლატფორმაზე თანხმობის ღილაკზე დაჭერით, ელექტრონული ხელმოწერით და/ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ასლის ელექტრონული საშუალებით გაცვლა.
- ვებგვერდი
- კომპანიის კუთვნილი/სარგებლობაში არსებული ვებგვერდი: www.Goldmarket.ge
რეგისტრაცია
ვებგვერდზე პროდუქციის განთავსებისთვის საჭიროა რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
- სახელი და გვარი
- ელექტრონული ფოსტა
- ტელეფონის ნომერი
- სისტემაში შესასვლელი პაროლი
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია Google-ის ანგარიშით ან ელექტრონული ფოსტით.
ყალბი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გაუგზავნოს გამყიდველს/მომხმარებელს გამაფრთხილებელი წერილი, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში: შეზღუდოს ანგარიშის ფუნქციონალი; დაბლოკოს ან გააუქმოს ანგარიში; წაშალოს განცხადებები კომპენსაციის გარეშე.
პროფილთან დაკავშირებული პირობები
- სერვისებზე სრული წვდომისთვის მომხმარებელი ვალდებულია შექმნას პირადი პროფილი ინსტრუქციების შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, გაიაროს ვერიფიკაცია.
- მომხმარებელი პასუხისმგებელია მონაცემების სიზუსტეზე. სისტემაში შესვლა (ავტორიზაცია) ხდება რეგისტრირებული ელ-ფოსტის/ტელეფონისა და პაროლის მეშვეობით.
- ანგარიშის რეგისტრაციისას, მომხმარებლის/გამყიდველის სახელის (Username) შერჩევისას აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ფრაზის, სიტყვის ან სიმბოლოს გამოყენება, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, უხამსი, დისკრიმინაციული, ცილისმწამებლური ან სხვაგვარად ლახავს მესამე პირთა ღირსებასა და უფლებებს.
- დაშვებულია მხოლოდ ერთი აქტიური პროფილის ფლობა. დუბლირებული ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ დაბლოკოს ისინი.
- მომხმარებელი/მოვაჭრე ვალდებულია მუდმივად უზრუნველყოს პირად პროფილზე მითითებული ინფორმაციის აქტუალობა და სისწორე. ნებისმიერ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია არაზუსტი ან მოძველებული მონაცემების გამოყენებით, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
- მომხმარებელი/მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას წვდომის კოდების კონფიდენციალობა. ნებისმიერი ქმედება, განხორციელებული თქვენი ანგარიშიდან, ჩაითვლება თქვენ მიერ შესრულებულად. უსაფრთხოების დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი და აცნობეთ კომპანიას.
პროფილის გაუქმება
- ანგარიშის გაუქმება/დახურვა ხდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან). პროცესი სრულდება 10 სამუშაო დღეში, იმ პირობით, თუ მომხმარებელს არ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები.
-
პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ანგარიშის დახურვისას:
- მომხმარებლის პერსონალური მონაცემების წაშლისა და დამუშავების წესი რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- ანგარიშის გაუქმების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზებიდან პერსონალური ინფორმაციის წაშლას. ამასთან, მომხმარებელი თავად არის ვალდებული, სრულად გაასუფთაოს ბრაუზერის მეხსიერება (ქეში, ქუქი-ფაილები, ისტორია).
- ანგარიშის დახურვისა და მონაცემთა წაშლის პროცედურის დასრულების შესახებ, მომხმარებელი მიიღებს ოფიციალურ დასტურს/შეტყობინებას კომპანიისგან.
ფასიანი მომსახურების ტარიფები
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ფასიანი სერვისების ღირებულება ან დააწესოს ახალი გადასახდელები.
ტარიფების ცვლილება ძალაში შედის პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე. უკვე შეძენილ/გადახდილ სერვისებზე ფასის ცვლილება არ ვრცელდება მომსახურების ვადის ამოწურვამდე.
პლატფორმის წესების დარღვევის გამო მომხმარებლის პროფილის ან კონკრეტული განცხადების შეზღუდვის/დაბლოკვის შემთხვევაში, აქტიური ფასიანი სერვისები უქმდება ავტომატურად. უკვე გადახდილი მომსახურების საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
დაუშვებელია უკვე შეძენილი/გააქტიურებული ფასიანი მომსახურების გადატანა ერთი განცხადებიდან სხვა განცხადებაზე ან ერთი მომხმარებლის ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე.
გადახდილი თანხის დაბრუნება
გადახდილი თანხა არ ბრუნდება:
- მომხმარებელი საკუთარი სურვილით წაშლის განცხადებას;
- მომხმარებელი თავად გააუქმებს/დახურავს პირად პროფილს;
- განცხადებამ მიაღწია მიზანს (პროდუქტის რეალიზაცია/გაყიდვა დასრულდა) მომსახურების ვადის ამოწურვამდე.
ბალანსის შევსება
საიტზე სერვისების შეძენა შესაძლებელია საიტზე არსებული ბალანსიდან ან/და საბანკო გადახდის მეშვეობით.
ბალანსის შევსება შესაძლებელია შემდეგი არხებით: ინტერნეტ ბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, Google Pay, Apple Pay და კრიპტო გადახდები (City Pay).
ბალანსის შევსება და მასზე არსებული თანხა განკუთვნილია მხოლოდ საიტის შიდა სერვისების შესაძენად. აღნიშნული ბალანსი არ გამოიყენება მყიდველსა და გამყიდველს შორის ნივთის ან მომსახურების საფასურის გადასახდელად.
სარეკლამო მომსახურება
- პლატფორმა მომხმარებელს/გამყიდველს სთავაზობს სპეციალურ სარეკლამო მომსახურებას, რაც გულისხმობს განცხადებების პრიორიტეტულ ჩვენებას, სპეციალურ სარეკლამო ზონებში განთავსებას ან სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებს.
- სარეკლამო მომსახურება არის ნებაყოფლობითი და ფასიანი.
- სარეკლამო მომსახურების ტარიფები, პირობები და განთავსების ფორმატები არ არის ფიქსირებული და დგინდება ინდივიდუალურად, შეკვეთის მოცულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე.
- სარეკლამო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიის ადმინისტრაციას საიტზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე.
სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მარეგულირებელ ჩარჩოს მომხმარებლის/მოვაჭრის მიერ პლატფორმით სარგებლობისა და მომსახურების მიღების პროცესში. რეგისტრაციის დასრულებით თქვენ ადასტურებთ თანხმობას ამ პირობებზე როგორც პირადად, ისე ნებისმიერი მესამე პირის სახელით, რომელიც გამოიყენებს თქვენს ანგარიშს.
პლატფორმა წარმოადგენს ტექნოლოგიურ შუამავალს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის. კომპანიის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ სერვისების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფით. კომპანია არ წარმოადგენს დავის მხარეს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის წარმოშობილ ნებისმიერ გაუგებრობაში.
სამართლებრივი ურთიერთობა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის მყარდება დამოუკიდებლად, კომპანიის მონაწილეობის გარეშე. გამყიდველი ერთპიროვნულად აგებს პასუხს პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის აღწერის სიზუსტეზე, ნივთობრივ თუ უფლებრივ ნაკლზე, საგარანტიო ვალდებულებებზე, მიწოდების პროცესსა და ფასის სისწორეზე.
კომპანია მზად არის, შუამავლის სტატუსით, მიიღოს მომხმარებლის პრეტენზია ქოლ-ცენტრის მეშვეობით და საჭიროებისამებრ გადაუგზავნოს იგი მოვაჭრეს რეაგირებისთვის.
კომპანია სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან პროდუქტის ტრანსპორტირებისას წარმოშობილ ნებისმიერ ზიანზე (მათ შორის, ნივთის დაზიანებაზე ან დაკარგვაზე).
კომპანიის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია პლატფორმის განზრახ ტექნიკური გაუმართაობით და ლახავს მომხმარებლის/მოვაჭრის კანონიერ უფლებებს.
მომხმარებლისა და მოვაჭრის ვალდებულებები
პლატფორმით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ:
- ხართ სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) ქმედუნარიანი პირი ან კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი.
- არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე/რეზიდენტი და სერვისით სარგებლობისას არ იმყოფებით ევროკავშირის ტერიტორიაზე. ასევე, არ ირიცხებით სანქცირებულ პირთა სიაში და თქვენი თანხმობა პირობებზე ეფუძნება თავისუფალ ნებას.
- თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი და არ ემსახურება სხვათა შეცდომაში შეყვანას ან ცილისწამებას.
- არ ხართ ჩაბმული რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის ფულის გათეთრებაში, ტერორიზმის დაფინანსებასა თუ იარაღით უკანონო ვაჭრობაში.
- არ გამოიყენებთ შეურაცხმყოფელ სახელებს, სხვის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ან სხვის ანგარიშს უნებართვოდ.
- არ გაავრცელებთ მავნე პროგრამებს, სპამს ან პირამიდულ სქემებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის პლატფორმის გამართულ მუშაობას.
- არ განახორციელებთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, კონფიდენციალობის პოლიტიკას ან ლახავს მესამე პირთა უფლებებს.
გამყიდველის ვალდებულებები
გამყიდველი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისი უნაკლო ნივთი/პროდუქტი.
პროდუქტი მიიჩნევა პირობებთან შესაბამისად, თუ იგი სრულად პასუხობს გამყიდველის მიერ გამოქვეყნებულ აღწერას და გააჩნია იგივე მახასიათებლები, რაც წარმოდგენილ ნიმუშს.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის აღწერა არ არის სრული ან ამომწურავი, იგი უნდა შეესაბამებოდეს იმ სპეციფიკურ მიზნებსა და მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც მომხმარებელმა აცნობა გამყიდველს ნივთის შეძენამდე.
გამყიდველი ვალდებულია განათავსოს განცხადება კონკრეტულ ნივთზე მხოლოდ ერთხელ. ერთი და იმავე შინაარსის განცხადების დუბლირება აკრძალულია.
გამყიდველი ვალდებულია თითოეული განცხადება განათავსოს შინაარსობრივად შესაბამის კატეგორიაში. არასწორ კატეგორიაში განთავსებული განცხადება ექვემდებარება წაშლას ან კატეგორიის ცვლილებას კომპანიის მიერ.
გამყიდველი ვალდებულია განცხადებაზე თანდართული ფოტოსურათი ატვირთოს რეალური და სრულად შეესაბამებოდეს შეთავაზებული ნივთის რეალურ მდგომარეობას. აკრძალულია შეცდომაში შემყვანი ან შეუსაბამო ვიზუალური მასალის გამოყენება.
დარღვევების შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას მიუთითოს ამის შესახებ გამყიდველს, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში წაშალოს განცხადება გადახდილი საფასურის დაბრუნების გარეშე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა და ფორს-მაჟორი
კომპანია არ არის პასუხისმგებელი პლატფორმის დროებით შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური პროფილაქტიკური სამუშაოებით, ინტერნეტ-სერვისის მიმწოდებლის შეფერხებით ან სხვა გარე ფაქტორებით.
კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ფორს-მაჟორის გარემოებების დროს: სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები, კიბერ-შეტევა, სახელმწიფო რეგულაციები.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პლატფორმა არის „შუალედური რგოლი" და კომპანია არ იძლევა გარანტიას გამყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე ან პროდუქტის ხარისხობრივ შესაბამისობაზე.
პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურ ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე პროდუქტის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, უპირობო დაბრუნების უფლება უქმდება, თუმცა მომხმარებელი კვლავ სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თუ პროდუქტის შეძენა მოხდა არაელექტრონული გზით (უშუალოდ მოვაჭრის სარეწში), დაბრუნების წესები განისაზღვრება მხოლოდ მომხმარებლისა და მოვაჭრის ინდივიდუალური შეთანხმებით. კომპანია არ წარმოადგენს ამ ურთიერთობის მხარეს.
მომხმარებლის ვალდებულებები უარის თქმისას
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს დაუბრუნოს საქონელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა.
დაბრუნების უფლების გამონაკლისები
დაბრუნების უფლება არ წარმოიშობა:
- მოვაჭრემ მომსახურება სრულად გასწია და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა უარის თქმის უფლებას;
- მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;
- მიწოდებული საქონელი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მომხმარებლის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო.
დასკვნითი დებულებები
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.
ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას ან მოქმედებს გამყიდველის სახელით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განიმარტება როგორც „მოვაჭრე". ასეთი სუბიექტი ვალდებულია სრულად დაიცვას დისტანციური და სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებებისთვის დადგენილი საკანონმდებლო ნორმები.